სხვა ბინადრები – Aquarium.ge

სხვა ბინადრები

ნეოკარდინები (Neocardina heteropoda)

Red cherry, ნეოკარდინები,
Neocardina heteropoda

მოკლედ, ჩემო საყვარელო აკვარიუმისტებო, როგორც ვხედავ ქართული აკვარიუმისტიკა პატარა ნაბიჯებით წინ მიიწევა, ასე რომ გადავწყვიტე გამეზიარა ჩემი მცირე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გამოცდილება ნეოკარდინების (Neocardina heteropoda) მოვლაში, რომლებსაც საზღვარგარეთ “რედ ჩერის” სახელით იცნობენ. ალბათ ჩვენც შეგვიძლია ქართული ანალოგი მოვიფიქროთ, მაგრამ მე თავში არაფერი მომდის, ასე რომ მიიღება ნებისმიერი კარგი ვარიანტი.
დავიწყოთ იმით, რომ ამ საინტერესო არსებების ყოლისთვის სრულიად საკმარისია კომპრესორით და გამათბობლით აღჭურვილი პატარა მოცულობის აკვარიუმი (20-30 ლიტრიანი). ზრდასრული რედ ჩერის ზომა არ აღემატება 30 მილიმეტრს. თითქოს და ეს მინიატურული არსებები მცენარებულ აკვარიუმს უდეალურად მოუხდებოდნენ, მაგრამ მთლად ასე არ არის. კი ბატონო, ეს კრევეტები მცენარეებს საერთოდ არ აზიანებენ, მეტიც, ასუფთავებენ საკვების ნარჩენებისგან და წყალმცენარეებისგან, მაგრამ თევზებისგან განსხვავებით ძალიან მგრძნობიარე არიან წყლის პარამეტრებისადმი, ამიტომ CO2-ის მიწოდება წყლის მჟავიანობის (PH-ის) მკვეთრი ცვლით მომაკვდინებელად მოქმედებს მათზე. ამიტომ აუცილებელია კრევეტებიან აკვარიუმში მუდმივად ჩართული აერაცია და წყლის დროული ცვლა. ჟანგბადის უკმარისობის და მოწამვლის პირველი ნიშნებია რედ ჩერის გვერდულად დაწოლა სიარულის დროს და ასევე ზურგის მოღუნვა. ორივე შემთხვევაში შველის წყლის დროული ცვლა და აერაციის გაძლიერება.
ყველა დანარჩენ ასპექტში, ისინი აბსოლუტურად უპროლემო არსებები არიან. როგორც ზემოთ ავღნიშნე იკვებებიან წყალმცენარეებით, ბაქტერიალური ნადებით, თევზების სავკებით, სალათის და ისპანახის ფოთლებით, რომლებმსაც თავისი პატარა კლანჭებით ძიძგნიან. ძირითად დროს ფსკერის შესწავლაში ატარებენ, თუმცა მშვენიერი მცურავები არიან. ძალიან სახალისოა ამ პატარა ცელქი და მხიარული ვერტმფრენების ჯგუფის თვალის დევნა.
პრაქტიკაზე იდეალურია მათი თევზებისგან ცალკე აკვარიუმში ყოლა, თუმცა მეზობლებად შეგვიძლია განვიხილოთ ნეონები, რასბორები, კარიდნალები და სხვა მცირე ზომის ქარაცინები, თუმცა ყველა ჩამოთვლილიც თავიდან დიდი ალბათობით ეცდება გასინჯოს რედ ჩერი.
გამრავლება ასევე არ წარმოადგენს არანაირ სირთულეს. სქესის გარჩევაც საკმაოდ ადვილია – შინდისფერი დედლების შეფერილობა გამჭირვალე წინწკლებიანი მამლებისგან განსკხვავბით ბევრად მკვეთრია, ასევე დედლები უფრო მასიურები და მოუქნელები არიან. გამრავლებისთვის მომზადებული დედლების გარჩევა შეიძლება მათ ზურგზე წარმოქმნილი ერთგვარი ღია ფერის უნაგირით. ეს დედალის ორგანიზმში ქვირითს გამომუშავების ნიშანია. განაყოფიერებულ ქვირითს დედალი მუცლის ქვეშ დაატარებს და პერიოდულად ანიავებს და ასუფთავებს მას. ქვირითის რაოდენობა დედლების ზომებთან პირდაპირ პროპორციულია. 3-4 კვირაში იჩეკებიან 2-3 მილიმეტრის ზომის ზრდასრული კრევეტების მსგავსი არსებები, რომლებიც კარგი პირობების და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ზრდასრულობას უკვე 3-4 თვის ასაკში აღწევენ.