მცენარეები – Aquarium.ge

მცენარეები

აკვარიუმის წყლის მცენარეები

წყალმცენარეები

აკვარიუმის წყლის მცენარეების ნორმალური ზრდისთვის, ისევე როგორც სხვა დანარჩენი მცენარეებისთვის, საჭიროა ოთხი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი:
1. წყალი და მასში გახსნილი მინერალები.
2. საკვები ორგანული ნივთიერებები.
3. განათება.
4. ნარშიროჟანგბადი (CO2).
მოდით განვიხილოთ ყველა კომპონენტი ცალ-ცალკე. დავიწყოთ წყლით.

წყალი

სხვადასხვა წყლის მცენარეებისთვის საჭიროა განსხვავებული წყალი(რბილი, ხისტი, მჟავე და ა.შ). ჩვენი ონკანის წყალი საშუალო სიხისტისაა, ანუ ნეიტრალურია და უხდება წყლის მცენარეების უმეტესობას. მცენარეების ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წყალში გახსნილი მინერალების არსებობა. რაც უფრო ძველია აკვარიუმის წყალი, მით უფრო ნაკლებ მინერალებს შეიცავს ის. ამიტომ გაშვებულ აკვარიუმში დამყარებული ბიოლოგიური ბალანსით საჭიროა წყლის გამოცვლა როგორც მინიმუმ კვირაში ერთხელ.

საკვები ორგანული ნივთიერებები

წყალში არსებული ორგანული ნივთიერებები წარმოდგენილია ორი სახით: გახსნილი და ფსკერზე დალექილი. წყალში გახსნილი ორგანიკა – ეს არის ნიტრიტი და ამიაკი, რომელიც მიიღება ცხოველმყოფელობის პროდუქტების ნარჩენების ხრწნის შედეგად. ყველა ეს ნივთიერება დიდ კონცენტრაციებში ძალზედ მავნეა თქვენი აკვარიუმის ბინადრებისათვის. ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა კვირაში ერთხელ წყლის გამოცვლასთან ერთად გრუნტის სიფონება და ამით დაუშლელი ნაწილაკების მოცილება. ამ გზით ხელს ვუშლით მავნე წყალმცენარეების გაჩენას, რომელთა მოშორება საკმაოდ რთული პროცესია. ხოლო ნარჩენ ორგანიკას მცენარეები თვითონ ”ამოწოვენ” ფესვების მეშვეობით.

განათება და CO2

იმისათვის, რომ მცენარეებმა შეძლონ ორგანიკის გადამუშავება, ახალი ფოთლების გაშვება და უბრალოდ ზრდა, მათ ესაჭიროებათ განათება და CO2. მცენარეთა უმეტესობა საჭიროებს მძლავრ განათებას (არანაკლებ 0,5 ვატ/ლიტრი). მაგრამ არსებობს ჩრდილგამძლე სახეობეი (ანუბიასი, იავანური ხავსი, და ა.შ). შუქზე წარმოებს ფოტოსინთეზი, რომლის გაუმჯობესებისთვის აკვარიუმში აწვდიან CO2-ს. აღსანიშნავია, რომ CO2-ის მიწოდება მართებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს აკვარიუმში მცენარეების საკმაო რაოდენობაა და ასევე მძლავრი განათება, წინააღმდეგ შემთხვევაში აკვარიუმში შეიძლება მოხდეს არასასურველი წყალმცენარეების აფეთქება.
თქვენ იკითხავთ: როგორ მივაწოდოთ CO2? ეს ძალიან მარტივია. ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები:
1/3 ლიტრი წყალი, 4 სუფრის კოვზი შაქარი, 1 სუფრის კოვზი სოდა, 2 სუფრის კოვზი კრახმალი, 2 ჩაის კოვზი საფუარი.
ვიღებთ ლითონის ჭურჭელს, ვასხამთ წყლის, შაქრის, სოდას და კრახმალის მოცემულ რაოდენობას. ერთმანეთში ვურევთ ინგრედიენტებს და ვდგამთ ნელ ცეცხლზე, ამასთან ერთად საჭიროა ხშირად მორევა. ძალიან მალე ჩვენი ნარევი იწყებს შესქელებას და ბუშტუკების გამოშვებას. ამის შემდეგ ამ მასას ვაჩერებთ ცეცხლზე 1-2 წთ და შემდეგ ვდგამთ წყლის ქვეშ. ნარევის გაცივების პერიოდში, წყლით სავსე 100 გრამიან ჭიქაში ვასხამთ 2 ჩაის კოვზს საფუარს და ვურევთ ერთმანეთში. ოდნავ გაცივებულ მასას ვასხამთ 1-1,5 ლიტრიან ბოთლში, ზედ ვაქცევთ 100 გრამიანი ჭიქის შემცველობას, მჭიდროდ ვაფარებთ თავსახურს გაყრილი შლანგით და მასზე წამოცმული გამაფრქვეველით (რასპილიტელი) და ვდგამთ აკვარიუმის გვერდით. 1-2 დღის შემდეგ ჩვენი მასა იწყებს ბუშტუკების გამოშვებას. ერთი დატენვა ყოფნის 1-3 კვირას, რაც დამოკიდებულია ტემპერატურაზე. რაც უფრო მცირე ზომისაა გამაფრქვეველი (რასპილიტელი), მით უფრო წვრილია CO2-ის ბუშტუკები, რაც ნიშნავს იმას, რომ ის უფრო კარგად იხსნება წყალში და მცენარეები მას ითვისებენ უფრო ადვილად და დიდი რაოდენობით. ამაზე მეტყველებს მცებარეების ფოთლების უკანა მხარეზე ჟანგბადის წვრილი ბუშტუკების გაჩენა.

თუ ვერ მიხვდით, აგერ საბოლოო პროდუქტის ვიდეო: