თევზების სახეობები (გვერდი 2) – Aquarium.ge

თევზების სახეობები (გვერდი 2)

ციხლიდები

ციხლიდები


ციხლიდები არიან თევზები ქორჭილების ოჯახიდან. მათ აქვთ განსხვავებული ზომა, შეფერილობა, აგრეთვე ფორმა.მათ მიეკუთვნებათ ისეთი თევზები, როგორიცაა: ქორჭილებისმაგვარი ციხლები (Cichla ocellaris), ღორჯოს მსგავსი აფრიკული ტანგანიიკოდუსები, ერეთმოდუსები და იულიდოხრომისები (Eretmodus, Tanganyikodus, Julidochromis), ზღვის თევზებივით ჭრელი მალავის ციხლიდები, უზარმაზარი ამერიკელები და მფრინავი პეპელას მსგავსი პატარა პაპილიოხრომისები. ყველა მათგანი ციხლიდია და სხვა თევზებისგან განასხვავებით მათ ახასიათებთ რთული ქცევა.
ციცხლიდების სახეობების განხილვამდე, მინდა ავღნიშნო, რომ ისინი დაყოფილნი იქნებიან ცხოვრების არეალის გეოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით.

აფრიკული ტბების ციხლიდები

თითქმის ყველა აფრიკული ციხლიდი, რომელიც შემოდის ექსპორტზე წარმოადგენს შავი კონტინენტის 3 უდიდესი ტბის (ვიქტორია, ტანგანიიკა და მალავი) ბინადარს.
მე-20-ე და 21-ე საუკუნეების მიჯნაზე ამ პოპულარული თევზების შესწავლა დაიწყეს ისეთმა მეცნიერებმა, როგორიცაა ედ კონინგსი, ბულანჟე, თრუეივასი, ბულანჟე, ბარტონი, რომლებმაც აღწერეს დღეისათვის ცნობილი ციხლიდების სახეობათა უმეტესობა.
თავდაპირველად, მოდით გავეცნოთ ამ 3 ტბის მახასიათებელს.
ამ ტბებში არსებული წყალი ძალიან ხისტია, ამიტომ აკვარიუმში აფრიკული ციხლიდების ყოლის დროს დაუშვებელია დაბალი სიხისტის წყალი, რადგან ის იწყებს რიგ სიმახინჯეებს თევზების შთამომავლობაში. ამის თავიდან ასაცილებლად წყალში ამატებენ სოდას, ხოლო გრუნტის სახით იყენებენ დაქუცმაცებულ მარმარილოს. მაგრამ ეს საფრთხე არ ემუქრება ქართველ აკვარიუმისტებს, რადგან ჩვენი ონკანის წყალი გამოსადეგია აფრიკული ციხლიდების ყოლისთვის და გამრავლებისთვის.
ახლა კი, თუ შევხედავთ ტბების წყალქვეშა ლანდშაფთს, ჩვენ ვერ შევნიშნავთ ხშირ მცენარეულობას, არამედ მხოლოდ ქვიშას, ნიჟარებს და დიდ ლოდებს. წყალმცენარეების დაფარული ლოდები კვებავენ თევზებს და წარმოადგენენ მათ საფარს. აფრიკული ტბების ციხლიდები უმეტესწილად იკვებებიან ამ წყალმცენარეული ნაზარდით და ასევე წვრილი ზოოპლანქტონით. მაგრამ არსებობს ზოგიერთი სახეობა, რომელიც ეწევა მტაცებელი ცხოვრების ნირს.

მალავის ტბის წყალქვეშა ბიოტოპი
ტანგანკიის ტბის წყალქვეშა ბიოტოპი

ზემოთ ჩვენ ავღნიშნეთ, რომ ტბების ფსკერი მოფენილია ქვებით, რომლებიც წარმოადგენენ თავშესაფარს თევზებისთვის. ციხლიდები – ტერიტორიული თევზები არიან, ამიტომ აკვარიუმი უნდა იყოს საკმაოდ დიდი და გაფორმებული ლოდებით, რომლებიც ქმნიან თავშესაფრებს. თავშესაფრის ამორჩევის შემდეგ, ციხლიდი გაცხარებულად იცავს მას ყოველგვარი ხელყოფისგან, განსაკუთრებით ეს გამოვლინდება მამლებში. ამიტომ მოწოდებულია ერთი და იგივე სახეობის 1 მამლის და რამოდენიმე დედლის ყოლა. აფრიკული ციხლიდების უმეტესობა პოლიგამურია. გამრავლების პერიოდში მამლები თხრიან ორმოებს ქვიშასი, სადაც შლიან ფარფლებს, იწყებენ ცეკვას და ცდილობენ მიიქციონ გვერდით მცურავი დედლების ყურადღება. თუ დედალი თანახმაა, ის უერთდება მამალს და ისინი ერთად იწყებენ წრეზე ცურვას და რიგრიგობით დებენ და ანაყოფიერებენ ქვირითს. სახეობათა უმეტესობა არის ოვოფილი (ანუ ისინი აინკუბირებენ ქვირითს პირში, ლარვების გამოჩეკვამდე). ინკუბაციის პერიოდი ბუნებაში გრძელდება 24-36 დღე, რომლის განმავლობაში დედლები არაფრით არ იკვებებიან. ლიფსიტების გამოჩეკვის შემდეგ, როდესაც ისინი იწყებენ დამოკიდებლად ცურვას, დედალი მათ პირიდან უშვებს, მაგრამ მათ გვერდით რჩება და მცირე საფრთხის შემთხვევაში, ლიფსიტები უმალ იმალებიან დედის პირში. სამწუხაროდ, იმბრიდინგის გამო (ახლო ნათესაური შეჯვარება), აფრიკული ციხლიდები კარგავენ არამარტო თავიანთ მკვეთრ შეფერილობას, არამედ ასევე შთამომავლობაზე ზრუნვის ინსტინქტს.
განხვიხილოთ მალავის ტბის ციხლიდების ყველაზე პოპულარული სახეობები.

მალავის ტბის ციხლიდები

მალავის ტბის ციხლიდები შეიძლება დავყოთ 2 ძირითად ჯგუფად – მბუნად (მბუნა ერთერთი აფრიკული დიალექტიდან ითარგმნება როგორც ”ლოდების მღრღნელი) და არა მბუნად. მბუნა სპეციალიზირდება წყალმცენარებული ნაზარდების ჭამაზე. არა მბუნა ძირითადად ზოოპლნაქტონით იკვებება. ამიტომ მათი კვების რაციონის გამო სასურველია აკვარიუმში ამ 2 ჯგუფის ციხლიდების ცალცალკე ყოლა, რადგან მბუნა მიდრეკილია გასუქებისადმი, რამაც მომავალში შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს საკვების მონელებაზე და გამრავლებაზე,
მბუნას მიეკუთვნებიან შემდეგი ციხლიდები:
აურატუსი (Melanochromis auratus), მაინგანო (Melanochromis cyaneorhabdos), ელონგატუსი (Pseudotropheus elongatus), იელოუ (Labidochromis “yellow”), ტაპირი (Labeotropheus trewavasae), დემასონი (Pseudotropheus demasoni) და ა.შ.

მალავის ტბის ციხლიდები, აურატუსი, მაინგანო , იელოუ, ტაპირი, დემასონი

არა მბუნა უფრო დიდი და მაღალტანიანი თევზია. მათ მიეკუთვნება:
კადანგო (Copadichromis borleyi), ვენუსტუსი (Nimbochromis venustus), ლივინგსტონის ნიმბოხრომისი (Nimbochromis livingstoni), ჯექსონი (Sciaenochromis fryeri), ”დელფინი” (Cyrtocara moori) და ა.შ. ყველა მათგანი ეგრეთ წოდებული ხაპლოხრომისია.

კადანგო, ვენუსტუსი, ლივინგსტონის ნიმბოხრომისი, ჯექსონი, დელფინი

ტანგანიიკას ტბის ციხლიდები

ტანგანიიკა წარმოადგენს ყველაზე უძველეს ტბას სამ უდიდეს აფრიკულ ტბებს შორის, ამიტომ აქ მობინადრე თევზების სხვაობა უფრო აშკარაა. მაგალითად, წყალღრმა ფრონტოზები, ”ჯოგებად” მცურავი ტროფეუსები, ნიჟარებში მობინადრე ლამპროლოგუსები, ალტოლამპროლოგუსები, იულიდოხრომისები და კოხტა ქსენოტილაპიები.
ტანგანიიკას ტბის ციხლიდების საკვები რაციონის საფუძველს წარმოადგენს ზოოპლანქტონი, რომელსაც ისინი პოულობენ ლაყუჩებში ქვიშიანი მასის გატარების დროს. ამიტომ, საუკეთესო საკვებს მათთვის წარმოადგენს ცოცხალი დაფნია, ციკლოპი, არტემია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მათი შოვნა ყოველთვის არც თუ ისე ადვილია, შესაძლებელია თვითნაკეთი ფარშის გამოყენება, რომლის რეცეპტს მე მოვიყვან აფრიკული ციხლიდების შესახებ მოთხრობის დამთავრებისთანავე.

ტანგანიიკას ტბის ციხლიდები

თუ მალავის ტბის ციხლიდებისთვის საჭიროა აკვარიუმი, რომლის მოცულობა 150 ლიტრი და მეტია, სავსებით შესაძლებელია ტანგანიკას ზოგიერთი ციხლიდის ყოლა ამაზე 2-ჯერ ნაკლები მოცულობის აკვარიუმში. პირველ რიგში ამ თევზებს მიეკუთვნება ლამპროლოგუსები, ბურუნდის პრინცესა და იულიდოხრომისები. აკვარიუმი უნდა იყოს მოწყობილი ნიჟარებით, წმინდა, ღია ფერის გრუნტით და ქვებით. ზoგ ადგილებში შეიძლება ვალისნერიის ჩარგვა.

ვიქტორიას ტბის ციხლიდები

ვიქტორიას ტბაში აღინიშნება ციხლიდების დიდი მრავალფეროვნება, მაგრამ ისინი პრაქტიკულად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ვიქტორიას ტბის ციხლიდები ძირითადად წარმოდგენილია ისეთი ხაპლოხრომისებით, როგორიცაა ასტალატილაპიები. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეს თევზები შემორჩნენ დღევანდელ დღემდე, რადგან ტბაში გაუშვეს ნილოსის ქორჭილები, რომლებმაც გაანადგურეს ადრე აღმოჩენილი ციხლიდების 109 სახეობიდან 90%. სწორედ მათი იშვიათობის და შედარებითი სიძვირის გამო, ვიქტორიას ტბის ციხლიდებმა ვერ მოიპოვეს ფართო გავრცელება აკვარიუმისტებს შორის.

ციხლიდები

აფრიკული ციხლიდების კვება

თევზების კვება“-ში ჩამოთვლილი დაფნიების და ციკლოპის გარდა, აფრიკული ციხლიდები ასევე იკვებებიან მატლებით (იშვიათად, როგორც დამატება სხვა მშრალ და ცოცხალ საკვებთან), საფირმო მწარმოებლების საკვებით (Tetra, Sera). გარდა ამისა მცენარეჭამია ციხლიდების (მბუნა და ტროფეუსი) ძირითად საკვებს წარმოადგენს მცენარეების საფუძველზე დამზადებული საკვები (Tetra pro-vegetable, TetraMin, TetraPhil), ხოლო დამატების სახით იყენებენ ცოცხალ საკვებს და ცილების მაღალი შემცველობის მქონე საკვებს (ტეტრა ციხლიდი, ტეტრა დისკუსი, სერა ციხლიდი, ტეტრა კოლორი).
ასევე არსებობს თვითნარევები (თვითნაკეთი ფარში), რომლებიც დამზადებულია კრევეტების, უცხიმო თევზის ფილეს და სტაფილოს საფუძველზე. ყველა ამ ინგრედიენტს აქუცმაცებენ ბლენდერში და თხელი ფენის სახით ყინავენ მაცივარში.
თევზებისთვის აგრეთვე მოწოდებულია კვირაში ერთხელ განმტვირთავი დღის მოწყობა.