აკვარიუმის ზომა

რაც უფრო დიდია აკვარიუმი, მით ნაკლები და იშვიათი მოვლა სჭირდება. წყლის დიდ მოცულობაში ადვილად მყარდება ბიოლოგიური წონასწორობა. ასეთ სისტემას, გარკვეული დოზით, თვითრეგულაციისა და თვითგაწმენდის უნარი გააჩნია. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს აკვარიუმის ცხოვრებაში გარედან ჩარევის საჭიროებას. რაც უფრო დიდია ცოცხალი სისტემის წყლის მოცულობა, მით უკეთესად ვლინდება მასში ბინადრებისთვის საზიანო ცვლილებების განეიტრალების უნარი.

აკვარიუმის ზომა

პატარა აკვარიუმში ხშირად ხდება წყლის ტემპერატურისა და ქიმიური თვისებების სწრაფი, ნახტომისებრი ცვლა, რაც უარყოფითად ვლინდება მის ბინადრებზე. წყალში სწრაფად გროვდება ნივთიერებათა ცვლის შედეგად გამოყოფილი მავნე პროდუქტები. მცირე ზომის აკვარიუმიდან საკვების ნარჩენები დროულად უნდა მოვაშოროთ. პორციის გადაჭარბებას მოსდევს საკვების ლპობა, წყლის მჟავიანობის ზრდა, ბუნებრივი წონასწორობის დარღვევა და თევზების სიკვდილი. დიდ აკვარიუმს ეს არ ემუქრება, რადგან მისი ბიოლოგიური წონასწორობა საკმაოდ მდგრადია. იშვიათი გამონაკლისების გარდა, მასში ტემპერატურისა და წყლის თვისებების ცვლა ნელ-ნელა, ეტაპობრივად მიმდინარეობს.
წყლის გეგმიური შეცვლის პროცესი პატარა აკვარიუმში ფრთხილად და მაქსიმალური ყურადღებით უნდა ჩატარდეს. ახალი წყალი კარგა ხნის ნადგამი და ქლორისგან სრულიად თავისუფალი უნდა იყოს. ზუსტად უნდა გაითვალოს ამ პროცედურის ჩატარების სიხშირე და შესაცვლელად დასაშვები წყლის ნაწილი. ახალ წყლის ერთბაშად დიდი რაოდენობით დამატება იწვევს pH-ის დონის მკვეთრ ცვლილებას, რის გამოც თევზებმა და მცენარეებმა შეიძლება მძიმე შოკი განიცადონ. დიდ აკვარიუმში წყლის შეცვლის პროცესი ასეთ რისკებთან არ არის დაკავშირებული.

აკვარიუმის ზომები

ოპტიმალურად ითვლება 200-500 ლიტრი ტევადობის აკვარიუმები. მათში სტაბილური ბუნებრივი წონასწორობა მყარდება, ასეთი მოცულობა საკმარისია სააკვარიუმე თევზების უმეტესობისთვის, ადვილი მოსავლელია, ზომით კარგად ერწყმის გარშემომყოფ ავეჯს და ლამაზად გამოიყურება ინტერიერში.

მნიშვნელოვანია აკვარიუმის არა მხოლოდ ზომა, არამედ პროპორციებიც. როგორც წესი, მცირე ზომის მართკუთხა აკვარიუმების სიგანე და სიმაღლე ტოლია, ხოლო სიგრძე კი სიმმაღლეზე დაახლოებით 2-ჯერ მეტია. აკვარიუმის ზომების ზრდასთან ერთად რეკომენდირებულია, რომ სიმაღლე 5-10 სმ-ით აღემატებოდეს სიგანეს. წყლის სვეტის იდეალურ სიმაღლედ მიჩნეულია 40-50 სმ. უფრო დაბალი წყლის სვეტი არ იძლევა წყალქვეშა სამყაროს ხედით სრულყოფილად დატკბობის საშუალებას. უფრო მაღალი სვეტი კი ხელს უშლის ქვედა იარუსის მცენარეებისთვის საკმარისი სინათლის მიწოდებას. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაღალი აკვარიუმის მომსახურება საკმაოდ რთულია. ეცადეთ აკვარიუმის სიმაღლე შეარჩიოთ ისე, რომ ხელით თავისუფლად წვდებოდეთ ფსკერს.