აკვარიუმის შერჩევა – Aquarium.ge

აკვარიუმის შერჩევა

აკვარიუმის შერჩევა

დავუშვათ, რომ გადაწყვიტეთ აკვარიუმის დადგმა. გებადებათ კითხვა – ”როგორი აკვარიუმი დავდგა?”. რა თქმა უნდა პირველ რიგში აკვარიუმის ზომა განპირობებული იქნება მისი მოთავსების ადგილის ზომებზე. თუმცა ბევრი დამწყები უპირატესობას ანიჭებს მრგვალ და პატარა აკვარიუმებს, რადგან ფიქრობენ, რომ მათი მოვლა უფრო ადვილია. ეს ასე არ არის! მრგვალი აკვარიუმი როგორც საჭირო აპარატურის დამაგრების და განთავსებისთვის მოუხერხებელია, ასევე თევზების ცქერისას მათ ამახინჯებს. მცირე მოცულობის აკვარიუმში კი ბევრი თევზის გაშვება უკვე არარეალურია. გარდა ამისა ამას მოჰყვება სხვა მრავალი პრობლემა (თევზების არჩევანის შემცირება, მათი მოვლის გართულება და ა.შ). ამიტომ, დამწყებებისთვის ოპტიმალურია მართხუთხა ფორმის აკვარიუმი, მოცულობით 70-100 ლიტრი.
სასურველია თუ აკვარიუმს ექნება თავსახური. ეს როგორც ტემპერატურის სტაბილურობას შეუწყობს ხელს, ასევე გამორიცხავს თევზების აკვარიუმიდან ამოხტომის ფაქტებს, რაც ასე ხშირია უთავსაფრო აკვარიუმის შემთხვევაში.

აკვარიუმის ფორმა და ზომა – ორი ძირითადი პარამეტრი, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება აკვარიუმის არჩევისას.

უმეტეს წილად აკვარიუმებს ამზადებენ სავიტრინე (ჩვეულებრივი) მინისგან. ბოლო წლებში პოპულარული გახდა ულტრაგამჭვირვალე მინის (Optiwhite, Low Iron, Extra Clear, Ultra-Clear) აკვარიუმები. ასეთი მინა, რკინის დაბალი შემცველობის გამო, უფრო მაღალი გამჭვირვალობით გამოირჩევა. ულტრაგამჭვირვალე მინა ჩვეულებრივ მინაზე ძვირი ღირს. ამის გამო ხშირად აკვარიუმის ფსკერს, უკანა და გვერდითა კედლებს ჩვეულებრივი მინისგან აწყობენ, წინა კედელს კი ულტრაგამჭვირვალე მინისგან ამზადებენ.

აკვარიუმებს ორგანული მინისგანაც აკეთებენ. ორგმინა ჩვეულებრივ მინასთან შედარებით უფრო მტკიცე და ნაკლებად მსხვრევადია, მაგრამ გარკვეული ნაკლოვანებებითაც ხასიათდება: აკვარიუმის წმენდის დროს ასეთი მინა ადვილად იკაწრება და თანაც დროთა განმავლობაში ორგმინა მუქდება, რაც ამცირებს აკვარიუმზე დაკვირვებით მიღებულ სიამოვნებას.

ალბათ ჯობს წინასწარ დაფიქრდეთ, თუ როგორ მოერგება აკვარიუმი ოთახის ინტერიერს. თუ ამ მომენტს თქვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, საკმარისი იქნება ზოომაღაზიაში მისვლა და მზა აკვარიუმის ყიდვა. ერთის მხრივ, ამ გადაწყვეტილებას უდავო უპირატესობები აქვს: ყიდვიდან რამოდენიმე საათში აკვარიუმი უკვე სახლში გექნებათ, შეგიძლიათ შეიძინოთ ცნობილი მწარმოებლების (Juwel, ADA) სააკვარიუმე კომპლექტები (აკვარიუმი + სადგამი + განათება + აპარატურა). მეორე მხრივ, ასეთი სიამოვნება გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში წინა პლანზე გამოდის არა დრო, რომელიც დაგჭირდებათ აკვარიუმის ბინაში დადგმის გადაწყვეტილების მიღებიდან მის განხორციელებამდე, და არც თანხის ოდენობა, რომლის დახარჯვაც მოგიწევთ. თუ ხვდებით, რომ აკვარიუმი ერთდღიანი სიამოვნებისთვის არ არის გამიზნული, და რომ ბინის ინტერიერში მან წამყვანი როლი უნდა მოირგოს, ადვილად მიხვალთ დასკვნამდე, რომ უმჯობესია აკვარიუმი თქვენთვის სასურველი ზომებისა და დიზაინის მიხედვით შეუკვეთოთ. მზა და შეკვეთით დამზადებულ აკვარიუმს შორის სხვაობა დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც მზა და შეკვეთით შეკერილ კოსტუმებს შორის. აკვარიუმის ტუმბოს შეკვეთით დამზადებასაც აშკარა უპირატესობა აქვს, ვინაიდან მას თქვენი ავეჯის ფერისა და დიზაინის შესაბამისად დაგიმზადებენ. ცალკე თემაა კედელში ჩაშენებული ან ოთახების გამყოფი ფუნქციის მქონე აკვარიუმები, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში შეკვეთით უნდა დამზადდეს.

არსებობს სხვადასხვა ფორმის აკვარიუმები. ყველაზე ხელსაყრელია მართკუთხა აკვარიუმის გამოყენება, ვინაიდან მასზე დაკვირვება სასიამოვნო, ხოლო მომსახურება კი შედარებით მარტივია. მოუხერხებელია მრგვალი აკვარიუმები – თევზები მათში ლამაზად გადიდებული ჩანს, მაგრამ მრგვალ კედლებზე სისტემატიურად დალექილი ჭუჭყი აფუჭებს საერთო ხედს და იძულებულს გხდით აკვარიუმი უფრო ხშირად წმინდოთ. გარდა ამისა, მრგვალ აკვარიუმზე ახლო მანძილიდან დაკვირვება უარყოფითად მოქმედებს მხედველობაზე.

ბოლო პერიოდში პოპულარულია კუთხის, პანორამული და მრავალკუთხა აკვარიუმები. ასეთი ფორმის აკვარიუმის შეძენა გამართლებულია იმ შემთხვევაში, როცა იგი გამოიყენება მხოლოდ ინტერიერის დეკორატიული ელემენტის სახით. თევზებისთვის კომფორტული საარსებო გარემოს შექმნის, აკვარიუმზე სისტემატიური დაკვირვებისა და მარტივი მომსახურებისთვის საუკეთესოა მართკუთხედის ფორმის აკვარიუმი.

რაც უფრო დიდია აკვარიუმი, მით უფრო მარტივია მისი მოვლა. წყლის დიდ მოცულობაში ადვილია ბუნებრივი წონასწორობის დამყარება და შენარჩუნება. დიდ აკვარიუმში არ ხდება წყლის ტემპერატურისა და ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლების სწრაფი და მოულოდნელი ცვლა, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მისი ბინადრებისთვის.

დანიშნულების მიხედვით არსებობს დეკორატიული, გასამრავლებელი (სატოფე), გასაზრდელი, საკარანტინო, სასელექციო აკვარიუმები. მათ შორის ყველაზე პოპულარულია მართკუთხა დეკორატიული აკვარიუმი. იგი სხვადასხვა ზომისა და პროპორციების შეიძლება იყოს. თევზებისთვის ხელსაყრელი სასიცოცხლო პირობების შესაქმნელად, რაც უფრო მეტად აღემატება აკვარიუმის სიგანე სიმაღლეს, მით უკეთესი. თუმცა ამგვარი აკვარიუმის ბინაში განთავსება, საცხოვრებელი ფართის სიმცირის გამო, ყოველთვის არ ხერხდება. გარდა ამისა, თუ აკვარიუმი ძალზედ განიერია, მის სიღრმეში თევზები ცუდად ჩანს. სტანდარტულად ითვლება აკვარიუმი, რომლის სიგანე და სიმაღლე ტოლია. თუმცა უმეტესად ამზადებენ აკვარიუმებს, რომელთა სიმაღლე 5-10 სმ-ით აღემატება სიგანეს, ხოლო წყალს ასხავენ იმდენს, რომ მისი სვეტის სიმაღლე არ აღემატებოდეს აკვარიუმის სიგანეს. ეს ხელს უწყობს სწორი ჟანგბადური რეჟიმის შენარჩუნებას და იმავდროულად არ აძლევს თევზებს აკვარიუმიდან ამოხტომის საშუალებას. რაც შეეხება სიგრძეს, სტანდარტად მიიჩნევა აკვარიუმი, რომლის სიგრძე 2-2,5-ჯერ აღემატება სიგანეს.

ეფექტურად გამოიყურება აკვარიუმი, რომლის სიმაღლე მნიშვნელოვნად აღემატება სიგანეს. მისი დამზადებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ფაქტორი: ჭურჭლის კედლებსა და ფსკერზე მოქმედი წნევა განისაზღვრება სითხის სვეტის სიმაღლით. ამიტომ მაღალი აკვარიუმის დასამზადებლად გამოყენებულ უნდა იქნას შედარებით სქელი მინა. ასეთი აკვარიუმის მინებზე არ უნდა გაჩნდეს ღრმა ნაკაწრები, ვინაიდან მაღალი წნევის ზემოქმედებით ისინი შეიძლება ბზარებად იქცეს. მაღალ აკვარიუმში დიდი მნიშვნელობა აქვს კარგ ხელოვნურ აერაციას, რათა ადგილი არ ჰქონდეს ქვედა ფენებში გოგირდწყალბადის წარმოქმნასა და ჟანგბადის უკმარისობას.

აკვარიუმის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, თუ ვინ იქნებიან მისი მომავალი ბინადრები. უკეთესია თუ მეტ-ნაკლებად გაერკვევით აკვარიუმის თევზებისა და მცენარეების სახეობებში და ამ სფეროში იმდენ ცოდნას შეიძენთ, რომ აღარ დაგჭირდეთ ბანალური «აი ის წითელი თევზი მომწონს» ფრაზის ხმარება. თუ ბალახოვანი აკვარიუმის გამართვას აპირებთ, რომელშიც აქცენტი მცენარეებზეა გადატანილი (ასეთ აკვარიუმებში თევზები მინიმალური რაოდენობითაა, ან საერთოდ არ არის), უმჯობესია საკმაოდ განიერი აკვარიუმი შეარჩიოთ. ამ შემთხვევაში საშუალება მოგეცემათ მცენარეები რამოდენიმე იარუსად განალაგოთ და წყალქვეშა ბაღში პერსპექტივის ეფექტი შექმნათ. ასევე სასურველია, რომ მცენარეული აკვარიუმის სიმაღლე არ აღემატებოდეს 50-55 სმ-ს. უფრო მაღალი წყლის სვეტი ხელს შეგიშლით მცენარეების ქვედა იარუსებისთვის სათანადო განათების მიწოდებაში. განიერი აკვარიუმია საჭირო ტერიტორიული თევზებისთვისაც. მათი მშვიდობიანი თანაარსებობისთვის განმსაზღვრელ ფაქტორად გვევლინება არა აკვარიუმის მოცულობა, არამედ ფსკერის ფართობი, რომელიც მოზრდილ თევზებს საკუთარ სამფლობელოებად აქვთ დანაწილებული.