აკვარიუმის ფორმა – Aquarium.ge

აკვარიუმის ფორმა

აკვარიუმის ფორმა

ანამედროვე აკვარიუმების ფორმის მრავალფეროვნება ნამდვილ გაოცებას იწვევს. ორგანული მინა ადვილად ექვემდებარება დამუშავებას და მისგან პრაქტიკულად ნებისმიერი ფორმის აკვარიუმის დამზადებაა შესაძლებელი. განვითარდა ჩვეულებრივი მინის დამუშავების ტექნოლოგიაც და მინის მოღუნვის პროცესის გავრცელებამ პოპულარული გახადა პანორამული აკვარიუმები. დიზაინერები ცდილობენ სულ უფრო შთამბეჭდავი და არაორდინალური ფორმის აკვარიუმებით გაალამაზონ ინტერიერი. მაგრამ მიუხედავად ამისა, მართკუთხა აკვარიუმი დღემდე ყველაზე პოპულარულია. არც არის გასაკვირი, ვინაიდან სხვა ფორმის აკვარიუმებთან შედარებით მას უდავო უპირატესობები აქვს.

აკვარიუმს ფორმები

აკვარიუმის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მის ფორმასთან ექსპერიმენტირება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკვარიუმი დიზაინერულ დატვირთვას ატარებს და მისი შეძენის ერთადერთი მიზანი ინტერიერის გალამაზებაა. ამგვარი აკვარიუმის მცენარეულობა პრაქტიკულად ნებისმიერი შემადგენლობის შეიძლება იყოს. რაც შეეხება თევზებს, უკეთესი იქნება თუ არჩევანს შეაჩერებთ მარტივად მოსავლელ, არაპრეტენზიულ სახეობებზე (ოქროს თევზი, გუპი, კუდმახვილა).

მართკუთხა აკვარიუმი

მართკუთხა აკვარიუმი ერთდროულად ლამაზიც არის, პრაქტიკულიც და ადვილი მოსავლელიც. სფერული და ცილინდრული აკვარიუმების კედლებისგან განსხვავებით, მართკუთხა აკვარიუმის კედლებს სწორი ზედაპირი აქვს და არ ამრუდებს წყალქვეშა სამყაროს ხედს. ეს დამკვირვებლისთვის კომფორტული ხილვადობის პირობებს ქმნის. პროფესიონალური დანიშნულების აკვარიუმები (გასამრავლებელი, გასაზრდელი, საინკუბაციო) თითქმის ყოველთვის მართკუთხაა. დეკორატიულ აკვარიუმებს შორისაც სწორედ ეს ფორმა დომინირებს, რადგან მართკუთხა აკვარიუმი კომპაქტურად იყენებს ოთახის სასარგებლო ფართის ნაწილს, თევზები მის სიღრმეში კარგად ჩანს, დეკორაციებისა და მცენარეების დახმარებით ადვილად იქმნება მრავალფეროვანი და ლამაზი წყალქვეშა ლანდშაფტები.

მართკუთხა აკვარიუმი

სტანდარტული მართკუთხა აკვარიუმის სიგანე და სიმაღლე დაახლოებით ტოლია, სიგრძე კი 2-ჯერ აღემატება სიმაღლეს. ასეთი აკვარიუმის პროპორციები შემდეგი ჩანაწერით გამოისახება 2:1:1 (სიგრძე : სიგანე : სიმაღლე). კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე პროპორციები შეიძლება სხვაგვარიც იყოს. მაგალითად, აკვასკეიპინგისთვის ხშირად იყენებენ აკვარიუმებს, რომელთა სიგრძე 2,5-ჯერ მეტია სიმაღლეზე. ხოლო ჰოლანდიური აკვარიუმის ეტალონური პროპორციებია 3:1:1

მართკუთხა აკვარიუმებს შორის გამოყოფენ რამოდენიმე ტიპს, რომლებიც ერთმანეთისგან პროპორციებით განსხვავდება. მაგალითად, ვარცლის ფორმის აკვარიუმი დაბალი და განიერია. ძირითადად გამოიყენება ლიფსიტების დასაზრდელად. მისი პროპორციები გამიზნულია წყალში ჟანგბადის მაღალი კონცენტრაციის შესანარჩუნებლად. დეკორატიული დანიშნულების აკვარიუმი-სურათი კი პირიქით – ვიწრო და მაღალია. ზედაპირის მინიმალური ფართობისა და წყლის მაღალი სვეტის გამო, მის ქვედა ფენებში ჟანგბადის კონცენტრაცია დაბალია. ასეთ აკვარიუმში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კარგ ხელოვნურ აერაციას.

პატარა მართკუთხა აკვარიუმი

იგივე შეიძლება ითქვას აკვარიუმ-შირმაზე, რომელიც ასევე მაღალია და ვიწრო. თუმცა იგი აკვარიუმ-სურათზე გაცილებით დიდი ზომისაა და გამოიყენება საცხოვრებელი ფართის გადასატიხრად. აკვარიუმ-შირმაზე დაკვირვება ორი მხრიდან (წინა და უკანა კედლის მინიდან), ზოგჯერ კი სამი მხრიდან არის შესაძლებელი.

აკვარიუმ-შირმა

მართკუთხა აკვარიუმის კიდევ ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს აკვარიუმი-კუბი. მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ერთმანეთის ტოლია (1:1:1). თევზებისთვის ხელსაყრელი სასიცოცხლო პირობების შესაქმნელად, კუბი – აკვარიუმის ერთ-ერთი ყველაზე მისაღები ფორმაა. მასში მყარდება კარგი ჟანგბადური რეჟიმი, ფსკერის საკმაო ფართობი ხელს უწყობს ტერიტორიული თევზების მშვიდობიან თანაცხოვრებას, თევზებს ეძლევათ საკმაო სივრცე როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური გადაადგილებისთვის. კუბის ფორმის აკვარიუმი მოუხერხებელი იქნება მხოლოდ დიდი ზომის თევზებისთვის (15-20 სმ-ზე მეტი), რომელთა ნორმალური ზრდა-განვითარებისთვისაც 1,5-2 მეტრი სიგრძის აკვარიუმია საჭირო. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სახლში 2 მეტრიანი კუბის დადგმა (ასეთი აკვარიუმის ტევადობა 8 ტონას შეადგენს) არც ისე იოლი საქმეა. ამიტომ აკვარიუმ-კუბის ბინადრებად ძირითადად პატარა და საშუალო ზომის (15 სმ-მდე) თევზებს ირჩევენ. თუ ოთახის ზომები გაძლევთ ამის საშუალებას, უმჯობესია კუბი მოათავსოთ მის ცენტრში, ან კედლიდან 1 მეტრის დაშორებით მაინც. ამ შემთხვევაში შეგეძლებათ 3D ფორმატში დატკბეთ აკვარიუმის სილამაზით. კედელთან განთავსებისას უკეთესი იქნება აკვარიუმი-კუბი დადგათ არა კუთხეში, არამედ კედლის შუა ნაწილთან, რაც საშუალებას მოგცემთ აკვარიუმზე დაკვირვება სამი მხრიდან აწარმოოთ.

კუბის ფორმის აკვარიუმი

მრგვალი აკვარიუმი

მრგვალი აკვარიუმი ლამაზად გამოიყურება, კომპაქტურია და კარგად ერწყმის ნებისმიერ ინტერიერს, იქნება ეს საბავშვო ოთახი თუ ოფისის კაბინეტი. მაგრამ ამით მისი უპირატესობების ჩამონათვალი იწურება. მრგვალი მინების მიღმა თევზები და დეკორაციები არაპროპორციულად გადიდებული ჩანს. ჭუჭყის ნაწილი კედლებზე ილექება და აფუჭებს ვიზუალს. უმეტეს შემთხვევაში მრგვალი აკვარიუმის მოცულობა საკმაოდ მცირეა და მასში რთულია ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნება. სფეროს ფორმის აკვარიუმი მოვლის მხრივაც მოუხერხებელია, რადგან მასში ვერ გამოიყენებთ სტანდარტული აკვარიუმებისთვის გათვლილ ზოგიერთ მოწყობილობას (პირველ რიგში – მინების საფხეკს). მრგვალი ფორმა არ იძლევა ფილტრისა და სხვა ხელსაწყოების დამალვის საშუალებას.

მრგვალი აკვარიუმი

პანორამული აკვარიუმი

პანორამული აკვარიუმი სტანდარტულ მართკუთხა აკვარიუმს ჰგავს, მაგრამ მისი წინა კედელი ოდნავ მომრგვალებული და გამობერილია. პანორამული მინა აფართოებს აკვარიუმზე დაკვირვების კუთხეს და საშუალებას გაძლევთ ოთახის ნებისმიერი წერტილიდან დატკბეთ წყალქვეშა სამყაროს სილამაზით. ამავე დროს, პანორამული მინა მეტ-ნაკლებას ამრუდებს ხედს, რაც ხელს გვიშლის თევზებისა და დეკორაციების რეალური ფორმისა და პროპორციების აღქმაში. ბუნებრივი გვერდითა განათების შემთხვევაში, გამობერილი წინა მინა მზის სხივებს ირეკლავს და აუარესებს ხილვადობას. ამიტომ უმჯობესია ასეთი აკვარიუმი ოთახის ბნელ ნაწილში მოვათავსოთ და მხოლოდ ხელოვნური განათება მივაწოდოთ. გაითვალისწინეთ, რომ პანორამული მინის გასაწმენდად ვერ გამოიყენებთ სტანდარტულ მინის საფხეკს, რაც გარკვეულ სირთულეებს შეგიქმნით წინა კედლის დასუფთავების პროცესში.

პანორამული აკვარიუმი

კუთხის აკვარიუმი

თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები იძლევა მაღალი ხარისხისა და მრავალფეროვანი გეომეტრიის მქონე კუთხის აკვარიუმების დამზადების შესაძლებლობას. ამ ტიპის აკვარიუმი კარგად გამოიყურება თითქმის ნებისმიერ ტიპის ინტერიერში და დიდი პოპულარობით სარგებლობს დიზაინერებს შორის. იგი საშუალებას გვაძლევს რაციონალურად გამოვიყენოთ საცხოვრებელი ფართი და ორიგინალურად შევავსოთ ოთახის კუთხე. კარგად დაპროექტებული კუთხის აკვარიუმი ტოვებს დიდი მოცულობის, სივრცისა და სიღრმის ვიზუალურ ეფექტს. უმეტეს შემთხვევაში გვხვდება პანორამული და ტრაპეციის ფორმის კუთხის აკვარიუმები. წინა პანორამული მინის მქონე კუთხის აკვარიუმს იგივე უპირატესობები და მინუსები აქვს, რაც სტანდარტულ პანორამულ აკვარიუმს. ტრაპეციის ფორმის კუთხის აკვარიუმში წინა კედელი გვერდითა კედლებს დამატებითი წახნაგების საშუალებით უკავშირდება (პირდაპირი დაკავშირების შემთხვევაში წიბოების შეერთების ადგილებში იქმნება ძალზედ მახვილი კუთხეები. ასეთი ვიწრო კუთხის გაწმენდა საკმაოდ პრობლემატურია, რაც იწვევს ჭუჭყის დაგროვებას და აფუჭებს აკვარიუმის ხედს). ამ შემთხვევაში აკვარიუმის ფრონტალურ ნაწილში განლაგებულია სამი მინა, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს მომგებიან ვარიანტს, ვინაიდან იქმნება იგივე ვიზუალური პრობლემები, რაც ნებისმიერ მრავალკუთხა აკვარიუმში.

უთხის აკვარიუმი

ცილინდრული აკვარიუმი

ცილინდრული ფორმის აკვარიუმი ახლოს დგას მრგვალ აკვარიუმთან. თუმცა ასეთი ფორმა უფრო პრაქტიკულია, ვინაიდან ჭუჭყი არ ილექება გვერდითა კედლებზე, და შესაბამისად, არ ზარალდება აკვარიუმის ვიზუალი. თუ ცილინდრი საკმაოდ მაღალია, თევზების კომფორტული არსებობისთვის პირველ პლანზე გადმოდის კარგი ხელოვნური აერაცია. ცილინდრული ფორმის აკვარიუმი უკეთესად გამოიყურება, როცა კედლიდან მოშორებით დგას და მასზე დაკვირვება ნებისმიერი მხრიდანაა შესძლებელი. მინუსებიდან უნდა ვახსენოთ ფსკერის მცირე ფართობი და კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ მოღუნული მინის პრეზენტაბელური სახის შენარჩუნება ყოველთვის პრობლემატურია.

ცილინდრული აკვარიუმი

აკვარიუმის დანარჩენი ნაირსახეობებიდან ყურადღებას გავამახვილებთ მარავალკუთხა აკვარიუმებზე. უმეტეს შემთხვევაში მათ 6 ან 8 კუთხე აქვთ, სიმაღლე დაახლოებით 1,5-ჯერ აღემატება სიგანეს. დიზაინერული გადაწყვეტილებებისთვის ასეთი აკვარიუმები შეიძლება გამოსადეგი იყოს, მაგრამ უშუალოდ თევზებზე დაკვირვების დროს, გვერდითა მინების დიდი რაოდენობა საგრძნობ დისკომფორტს გვიქმნის, ვინაიდან ხედის «მინიდან მინაზე» გადასვლის მომენტი არღვევს იმ ბუნებრიობის ჯადოსნურ შეგრძნებას, რომლის გამოც ასე ვაფასებთ აკვარიუმს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *