აკვარიუმის ფილტრები

akvariumis-filtrebi

არსებობს აკვარიუმის ფილტრების 2 ძირითადი ტიპი, შიდა და გარე. გარე ფილტრები კიდევ თავის მხრივ იყოფა 2 ტიპად, კანისტრული და აკვარიუმის კედელზე ჩამოსაკიდი (შემოკლებით ჩამოსაკიდი). როგორც სახელებიდან ჩანს მათ შორის განსხვავება ისაა, რომ შიდა ფილტრები მოთავსებულია აკვარიუმში, ხოლო გარე დგება ან ეკიდება აკვარიუმის გარეთ. შიდა ფილტრების ერთადერთი პლიუსი არის მათი ფასი, ისინი საკმაოდ იაფია და დამწყები აკვარიუმისტისთვის გამოდგება, თუმცა როგორც ფილტრი ის საკმაოდ სუსტია, პატარა ზომების გამო მისი ფუნქციები შეზღუდულია და ძირითადად ანხორციელებს აკვარიუმის მხოლოდ მექანიკურ ფილტრაციას. ზოგიერთ მოზრდილი ზომის შიდა ფილტრებს აქვთ საშუალება ჩაემატოს ქიმიური ან/და ბიოლოგიური ფილტრაციის ელემენტები, თუმცა მათი ეფექტურობა მაინც საკმაოდ დაბალია. გარდა ამისა შიდა ფილტრის მოვლაც გარკვეულ წილად რიგ უხერხულობებს იწვევს, გასაწმენდად აუცილებელი ხდება ფილტრის გათიშვა, აკვარიუმიდან ამოღება, ამ დროს ფილტრში დაგროვილი ნაგავის ნაწილი ისევ აკვარიუმში ვარდება. შემდეგ ფილტრი უნდა დაიშალოს, (ზოგი საკმაოდ რთულად იშლება), გაირეცხოს, აეწყოს და დაბრუნდეს აკვარიუმში. ეს პროცესი ხშირად თევზების შეშინებას და მცირე სტრესსაც კი იწვევს, რაც თავის მხრივ არასასურველია. მოკლედ შიდა ფილტრის ერთადერთი პლიუსი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მათი ფასია.

აკვარიუმის ფილტრები

ეხლა განვიხილოთ გარე ფილტრები, რომლებიც როგორც უკვე აღვნიშნეთ იყოფა 2 ტიპად, კანისტრული და ჩამოსაკიდი. ორივე ფილტრი საკმაოდ ეფექტურია და მათ ადვილად შეუძლიათ განახორციელონ როგორც მექანიკური, ასევე ბიოლოგიური და ქიმიური ფილტრაცია, მიუხედავად ამისა კონსტრუქციულად მათ შორის განსხვავება საკმაოდ დიდია, ჩამოსაკიდი მაგრდება აკვარიუმის კედელზე გარედან, ხოლო კანისტრული თავსდება აკვარიუმის გვერდით ან ქვეშ და მისი აკვარიუმთან დაკავშირება ხდება სპეციალური მილებითა და შლანგებით, რომელიც კომპლექტშიI მოყვება. ასევე დიდი სხვაობაა მათ ფასში, ჩამოსაკიდი ფილტრები შედარებით იაფია, კანისტრულები საკმაოდ ძვირი ღირს. თუმცა ისინი თავის ფასს ამართლებენ და ყველა პროფესიონალი აკვარიუმისტი ცდილობს აუცილებლად იქონიოს კანისტრული ფილტრი, რომელიც ძალიან მაღალეფექტურია და მოსავლელადაც ადვილია. კერძოდ ამ ფილტრის გარეცხვის საჭიროება დგება მხოლოდ რამდენიმე თვეში ერთხელ. მაგრამ თავად გარეცხვის პროცესი არც ისე მარტივია, უნდა გაითიშოს ფილტრი, მოეხსნას თავი, ამ დროს შესაძლებელია წყლის დაღვრა, ამიტომ უმჯობესია სანამ თავი აეხდება ფილტრი რაიმე ჭურჭელში ჩაიდოს. შემდეგ მიგაქვთ ფილტრი სააბაზანოში, დაშლით მას, გარეცხავთ, საჭიროების შემთხვევაში შეცვლით მფილტრავ ელემენტებს, აწყობთ და აბრუნებთ პირვანდელ ადგილას, საბედნიეროდ ამის კეთება ხშირად არ გიწევთ. სწორედ შერჩეული ფილტრის სიმძლავრისა და თევზების ზომიერი რაოდენობით დასახლებულ აკვარიუმშI შეიძლება კანისტრული ფილტრის გარეცხვა 1 წელიც კი არ გახდეს საჭირო. ჩამოსაკიდი ფილტრი მართალია თავისი ეფექტურობით კანისტრულს ჩამოუვარდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რო ის დაკისრებულ მოვალეობას ცუდად ასრულებს, ასეთი ფილტრის უდიდესი პლიუსია მისი გაწმენდის სიმარტივე, ამისათვის საჭიროა მხოლოდ ახადოთ ფილტრს სახურავი, ამოიღოთ კარტრიჯი(ები), მიიტანოთ ონკანთან გარეცხოთ და დააბრუნოთ თავის ადგილას, მართალია ამის კეთება კვირაში ერთხელ მოგიწევთ, მაგრამ პროცესი იმდენად მარტივია რომ ნამდვილად არ შეგაწუხებთ და მხოლოდ 2-3 წუთს დაგაკარგინებთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *