აკვარიუმები დანიშნულების მიხედვით

ფუნქციონალური დანიშნულების მიხედვით აკვარიუმები შეიძლება დავყოთ დეკორატიულ და სპეციალური დანიშნულების აკვარიუმებად.

დეკორატიული აკვარიუმების მთავარი დანიშნულებაა სილამაზისა და სიმყუდროვის შექმნა. თუ იგი გამართულია წინასწარ დაგეგმილი და კარგად გააზრებული დიზაინის მიხედვით, რომელშიც სწორად არის გათვლილი გრუნტის, დეკორაციების, მცენარეებისა და თევზების ჰარმონიული შეთანწყობა, ასეთი აკვარიუმი ნამდვილ ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს.

აკვარიუმი დანიშნულების მიხედვით

დეკორატიულ აკვარიუმებს მიეკუთვნება:

საერთო აკვარიუმი – უმეტესად გვხვდება დამწყებ აკვარიუმისტებთან. საერთო აკვარიუმში სხვადასხვა სისტემატიკური ჯგუფისა და გეოგრაფიული ზონის თევზები მეზობლობენ (მაგალითად, ოქროს თევზები + სკალარიები + გუპები + ნეონები + ლოქოები).

კოლექციური აკვარიუმი აერთიანებს ერთი ოჯახის რამოდენიმე სახეობის თევზებს (მაგალითად, ციხლიდების ან ქარაცინისებრთა ოჯახის კოლექციური აკვარიუმი).

სახეობრივ აკვარიუმში ერთი სახეობის, ან ბიოლოგიურად ერთმანეთთან ახლოს მდგომი რამოდენიმე სახეობის თევზები ბინადრობენ (მაგალითად, ბარბუსების ან ცისარტყელების აკვარიუმი).

აკვარიუმი-ბიოტოპი დეტალურად აღწერს კონკრეტული ბუნებრივი არეალის წყალქვეშა ლანდშაფტს და დასახლებულია ამ არეალისთვის დამახასიათებელი მცენარეების, თევზებისა და უხერხემლოების სახეობებით (მაგალითად, მდინარე კონგოს სანაპირო ზოლი, ნიასას ტბის კლდოვანი რელიეფი, წითელი ზღვის მარჯნის ლიტორალი).

ჰოლანდიურ აკვარიუმში აქცენტი წყლის მცენარეებზეა გადატანილი, ხოლო თევზები ან საერთოდ არ არიან, ანდა მხოლოდ დამატებითი ელემენტის როლს ასრულებენ.

პალუდარიუმი წარმოადგენს წყალქვეშა და წყალზედა მცენარეების კომბინაციას. მაღალი ტენიანობა იდეალურად უხდება ჭაობის, ტროპოკული და მრავალი სააკვარიუმე მცენარის განვითარებას.

ნანო-აკვარიუმი უნიკალური დიზაინის მქონე მცირე ზომის რეზერვუარია, რომელშიც დეკორატიული მცენარეები და თევზები ბინადრობენ. მინიმალური ზომების გამო ნანო-აკვარიუმს ადვილად განათავსებთ სამუშაო ოთახის ან ოფისის მაგიდაზე.

ნანო-აკვარიუმი

სპეციალური დანიშნულების აკვარიუმები გამიზნულია კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად. მათ რიცხვს მიეკუთვნება:

გასამრავლებელი (სატოფე) აკვარიუმი – მისი დანიშნულებაა თევზების გამრავლებისთვის (ტოფობისთვის) კომფორტული პირობების შექმნა. სატოფე აკვარიუმის ზომა, პროპორციები, სუბსტრატი, წყლის შემადგენლობა, განათებულობა და სხვა პარამეტრები ირჩევა თევზების კონკრეტული სახეობის მიხედვით. უმეტეს შემთხვევაში გასამრავლებელი აკვარიუმი დეკორატიულზე მცირე ზომისაა. უკეთესია თუ მას მართკუთხედის ფორმა აქვს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადვილია გაფუჭებული ქვირითის შემჩნევა და დროული მოცილება. თევზების ზოგიერთი სახეობისთვის გასამრავლებლად გამოსადეგია მხოლოდ მთლიანი მინისგან დამზადებული ჭურჭელი, ვინაიდან აუცილებელია მისი საფუძვლიანი დეზინფიცირება. მაღალი ჰიგიენური მოთხოვნების მქონე გასამრავლებელ აკვარიუმებში გრუნტს არ ათავსებენ.

ინკუბატორი მცირე ზომის დამხმარე რეზერვუარია, რომელშიც შექმნილია ქვირითისა და ლარვების განვითარებისთვის აუცილებელი პირობები. მთავარი მოთხოვნები ინკუბატორთან: სისუფთავე, ოპტიმალური ტემპერატურა, შესაბამისი ჰიდროქიმიური შემადგენლობა, კარგი ჟანგბადური რეჟიმი.

საკარანტინო-სამკურნალო აკვარიუმები გამოიყენება დაავადებული თევზების მკურნალობისა და ახალი თევზების კარანტინიზაციისთვის. მთავარი მოთხოვნები: საკმაო სივრცე, ჰიგიენურობა, წყლის ხარისხის კონტროლი.

გასაზრდელი აკვარიუმი ლიფსიტების დასაზრდელად გამოიყენება. მასში დაცული უნდა იყოს სისუფთავე (ხშირად გასაზრდელ აკვარიუმებში გრუნტს არ ათავსებენ, რათა დროულად შენიშნონ და მოაშორონ საკვების ნარჩენები და ექსკრემენტები) და კარგი ჟანგბადური რეჟიმი (აკვარიუმს ამზადებენ საკმაოდ განიერს და არცთუ მაღალს + აერაცია). ლიფსიტების ჯანმრთელობისა და სწრაფი ზრდისთვის აუცილებელია ხშირი, მრავალფეროვანი კვება და წყლის ნაწილის სისტემატიური ცვლა.

კულტივატორის დანიშნულება თევზებისა და მათი ლიფსიტებისთვის ცოცხალი საკვების: ინფუზორიების, წყალმცენარეების, წვრილი კიბოსნაირების კულტივაციაა. მთავარი მოთხოვნები: შეძლებისდაგვარად დიდი ფართობი, გარემოსა და საკვების სწორი შერჩევა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *